დელფინებთან კომუნიკაციისთვის Google-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

დელფინები

 ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი დელფინებთან დაგვაახლოებს.

DolphinGemma ახალი AI სისტემაა (დელფინებისთვის შესაფერისი დიდი ენის მოდელი), რომელიც Google-მა Georgia Tech-ისა და Wild Dolphin Project-ის (WDP) მკვლევრებთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

დელფინები ჭკვიანი ცხოველები არიან. ისინი სხვადასხვა მაღალი სიხშირის ხმას იყენებენ, რათა ერთმანეთთან კომუნიკაცია დაამყარონ. წლების განმავლობაში WDP-მა დელფინებზე მონაცემები შეაგროვა და დაიწყო ისეთი ხმების იდენტიფიცირება, რომლებიც ეხმარება დედებსა და მათ ნაშიერებს ერთმანეთის პოვნაში. მკვლევრებმა ისეთი ხმებიც გამოარჩიეს, რომლებიც დელფინებს შორის კონფლიქტისა და სითბოს გამოხატვასთან ასოცირდება.

და, აი, ახლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მკვლევრებმა გადაწყვიტეს უკეთ გამოავლინონ თუ როგორი კომუნიკაცია აქვთ დელფინებს. AI სისტემა თავდაპირველად ატლანტის ლაქოვან დელფინებზე გამოცადეს, მაგრამ გუნდი იმედოვნებს, რომ სისტემა სხვა დელფინების ხმებსაც შეისწავლის.

მოწინავე აუდიო ტექნოლოგიის გამოყენებით, მოდელს დელფინის ხმების ისეთ ფორმატში გადაყვანა შეუძლია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს. DolphinGemma მოდელის სიმძლავრის მიუხედავად, მისი მოსმენა სმარტფონის საშუალებითაც შეიძლება. 

 

 

ისევე, როგორც ChatGPT ამუშავებს ადამიანის ენას, DolphinGemma გაწვრთნილია დელფინების ხმების შაბლონებზე. სისტემას შეუძლია დელფინების ხმების კონტექსტის ამოცნობა. ეს საშუალებას აძლევს მკვლევრებს ბგერების მხოლოდ კატალოგიზაციას გაცდნენ და დაალაგონ ისინი კონტექსტის მიხედვით.

WDP-ის კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმის გაგებაა, თუ როგორ ურთიერთობენ დელფინები ერთმანეთთან ველურ ბუნებაში. მკვლევრებს შეეძლებათ დააკავშირონ კონკრეტული ბგერები რეალურ დროში ქცევებთან, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.

შესაძლოა, რეალობა, რომელშიც ადამიანები და დელფინები ერთმანეთში "საუბრობენ" არც ისე შორს იყოს.