1745863963
"რუსთავი 2"-ის ახალი გრანდიოზული პროექტი - 29 აპრილიდან ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე მეგა შოუ "საქართველოს ხმა" იწყება

"რუსთავი 2"-ის მთელი შემოქმედებითი გუნდი მორიგი გამოწვევისთვის ემზადება. ახალი, ყველაზე მუსიკალური მეგა შოუ "საქართველოს ხმა" სულ მალე აიღებს სტარტს.
შესარჩევი ტურის პირველი დღე აქტიური და ამავდროულად დაძაბულია. სანამ საუკეთესო შემსრულებლები სცენაზე გამოვლენ, იქამდე ბოლო ტექნიკური სამუშაოები ტარდება. ემზადებიან ჟიურის წევრები, მონაწილებიი და წამყავნებიც.
"საქართველოს ხმის" აღმოსაჩენად ყველა მზად არის. ახალი ტელეპროექტის შესარჩევი ტური დაიწყო.
პირველად საქართველოში, მუსიკალური მეგა შოუს სამი ქალი წამყვანი წარუძღვება. თიკა ფაცაცია, თაკო ჩორგოლაშვილი და მარიამ სანოგო იდგებიან ახალი პროექტის დიდ სცენაზე და გაამხნევებენ კონკურსანტებს მაშინ, როდესაც ისინი ჟიურის და მაყურებლის შეფასების მოლოდინში იქნებიან.
ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
საქართველოს ხმას და ახალ ვარსკვალვს კი მაყურებელთან ერთად, სამი სუპერ პროფესიონალი ჟიურის წევრი - რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე და გიორგი ძოწენიძე აღმოაჩენს.
მონაწილეებს რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის სამივე წევრს გააჩნია ერთი ოქროს ბილეთი, რომლის მოპოვების შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოტოვებს ორ ურთულეს საკონკურსო ეტაპს.
29 აპრილიდან ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ იმ მუსიკალურ პროექტს, რომელიც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლებს გაგაცნობთ. საბოოლოდ კი ერთად გავიგებთ, ვინ გახდება ქვეყნის საუკეთესო ხმის მქონე გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ ბინა გადაეცემა.