„აღარ გინდა სამსახურში სიარული, არავის დანახვა... ხვდები, რომ სიბნელეა...“ - დათუნა სულიკაშვილი დამოკიდებულებაზე

დათუნა სულიკაშვილი

ცნობილი ქართველი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სულიკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა და პოდკასტის „ჩვენ“ სტუმარი იყო. მან დამოკიდებულებაზე და ამის გამომწვევ შედეგებზე ისაუბრა.

„როცა მსგავს რაღაცაში ჩავარდები და მოხმარებას იწყებ, აღარ ეკუთვნი შენს თავს. გამოდის, რომ ეშმაკს სული მიჰყიდე, უკვე ის გმართავს და ისაა შენი პატრონი. თავიდან, თითქოს, ამ ყველაფერს აკონტროლებ და ფიქრობ, დღეს გავერთობი და ერთი კვირა დავისვენებ. მერე ეს ერთი კვირა 2 დღეში ერთხელაა, მერე ყოველდღე და შენს თავს ვეღარ აკონტროლებ... მერე აღარ გინდა სამსახურში სიარული, აღარ გინდა არავის დანახვა, ვინც გიყვარს, გახარებს, ვისთანაც გიყვარდა და მოგწონდა ყველაფერი, აღარაფერი მოგწონს. სიბნელეში ზიხარ, მერე გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან და ხვდები, ეს იყო ჯოჯოხეთი. უყურებ შენს თავს და გეზიზღება... მე ვარ ასეთი?! არ არსებობს, არ ვარ ასეთი - თავს ეუბნები. ჩემს თავს სულ ვეკითხები, ის დათუნა, რომელიც გეზიზღება და არ გინდა, რატომ გინდება ისევ იქ დაბრუნება... როცა ხვდები, რომ სიბნელეა, ჯოჯოხეთია... ჩემს თავს რამდენჯერაც ვაჯობე, იმდენჯერ დიდი წარმატება და წინსვლა მქონდა ცხოვრებაში... როგორც კი ჩემმა თავმა მაჯობა, მაშინ იყო ბევრი დამარცხება“, - თქვა დიზაინერმა.