საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

ლაშა ფირცხალაიშვილი

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა გუნდი დატოვა, — ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდე ნაკრებმა 2022–2024 წლებში ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო რაუნდი ჩაატარა, ხოლო 2025 წლის მარტში ელიტრაუნდში იასპარეზა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 19–25 მარტს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პოლონეთთან (0:3) და მონტენეგროსთან (1:3) დამარცხდა, სლოვაკეთთან კი (2:0) გაიმარჯვა, თუმცა ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.