რატომ არ ითამაშებენ კვარა და ჩაკვეტაძე მომდევნო მატჩებზე

ეროვნული ნაკრები

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, თბილისში ფარერების ნაკრებს, 8 ივნისს კი ქუთაისში კაბო-ვერდეს ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

აღნიშნულ მატჩებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სატესტოდ გამოიყენებს, გატესტავს ახალ ტაქტიკას და სქემას, რათა სექტემბრის ციკლს ნაკრები სრულად მზად შეხვდეს.

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. კვარასთვის სეზონი მაისის ბოლოს სრულდება, თუმცა 15 ივნისიდან პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ამერიკაში ტარდება და კვარაც გუნდთან ერთად იქნება.

მითუმეტეს, სანიოლის მიზანი ახალი სახეების გამოცდა და მათი თამაშია. ძირითადად, ფარერებთან და კაბუ-ვერდესთან ისეთ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდათ, ან ნაკრებში შანსი ჯერაც არ მისცემიათ. 

ერთ-ერთი ასეთი ლუკა გუგეშაშვილია. ამხანაგურ მატჩებში გიორგი მამარდაშვილიც არ ითამაშებს და კარს გუგეშაშვილი დაიცავს, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ცოტა ხნის წინ, პაოკმა იყიდა.

ივნისის მატჩებს გიორგი ჩაკვეტაძეც გამოტოვებს. ჩაკვემ მძიმე ტრავმა მიიღო, მისთვის სეზონი დასრულდა და რეაბილიტაციის პროცესს გადის, რათა ახალი სეზონისთვის მზადყოფნაში იყოს. 

საქართველოს ნაკრები კიდევ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშებს. სანიოლი სრულ სიას მაისში დაასახელებს.