„პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“დაამარცხა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა (4:0) და ფინალში ითამაშებს.

ფრანგებმა შეხვედრა იდეალურად დაიწყეს და მადრიდელთა მცველების შეცდომებით კარგად ისარგებლეს: მე-6 წუთზე უსმან დემბელემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დამატებაზე ფაბიან რუისმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში თავად დემბელემ გაიტანა. 24-ე წუთზე კი რუისმა დუბლი შეასრულა და პსჟ 3:0 დაწინაურდა.

ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის ოცნების გუნდთან, „რეალთან“ სათამაშოდ მოედანზე მოტივირებული გავიდა, რამდენჯერმე სცადა გატანა და მცველებმა დარტყმა დაუბლოკეს, 38-ე წუთზე კი სწრაფ კონტრშეტევაზე მცველი ჩამოიშორა და დაგვირგვინება შეეძლო, მაგრამ ბურთი აეჭრა და მიზანს ასცდა.

შესვენებამდე მოპოვებული დიდი უპირატესობის შემდეგ მეორე ტაიმმა ფორმალური სახე მიიღო. „რეალი“ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა, პარიზული გრანდი კი ძალებს ზოგავდა და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა. ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშე ნაადრევად დაასვენა და ხვიჩა კვარაცხელიაც 59-ე წუთზე შეცვალა.

საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა – 4:0.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრა 13 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება.

1TVSPORT