1696234801
ბექაური ევროპასაც ჩაეხსნა - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას აღარ მიიღებს. ცოტა ხნის წინ, ევროპული ძიუდოს კავშირის ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების განახლებული განაცხადი გამოქვეყნდა, რომელშიც ვიგებთ, რომ -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გიორგი ჯაბნიაშვილმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, ამ წონაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ლუკა მაისურაძესთან ერთად სწორედ ჯაბნიაშვილი დაიცავს. საგულისხმოა, რომ ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეორე ტურნირია, რომელშიც ლაშა ბექაური იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ორივე შემთხვევაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირზე მონაწილეობა გადაიფიქრა, ოფიციალური მიზეზი კი უცნობია. ბექაურმა ბოლოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.
ვაჟთა ნაკრების განაცხადი ასეთია:
-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი. -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე. -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი. -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი. -90 კგ. - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე. -100 კგ. - ილია სულამანიძე. 100+ კგ. - გურამ თუშიშვილი.
გოგონათა ნაკრების შემადგენლობა: -48 კგ. - ჯულიეტა როდონაია. -57 კგ. - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი. -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი. -70 კგ. - მარიამ ჭანტურია. 78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23-26 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრება ინდივიდუალურ ჩათვლაში გაიმართება, 27 აპრილს კი ძიუდოისტები ერთმანეთს შერეულ გუნდურ ჩათვლაში დაუპირისპირდებიან.
წყარო: CrystalSport