1771327333
ბაკურიანში თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
2026 წლის 17-22 თებერვალს ბაკურიანი თოვლის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი საქართველოს ფრენბურთის კალენდარში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული მოვლენაა და მიზნად ისახავს ქვეყანაში თოვლის ფრენბურთის პოპულარიზაციასა და განვითარების ხელშეწყობას.
17-19 თებერვალს ტურნირი ჩატარდება მამაკაცებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი, ხოლო 20-22 თებერვალს ჩემპიონატში იასპარეზებს ქალთა 14 გუნდი. გუნდების რაოდენობა შეჯიბრს მაღალ კონკურენტულსა და უფრო სანახაობრივს ხდის. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდები.


ბაკურიანის კლიმატური პირობები და სპორტული ინფრასტრუქტურა იდეალურ გარემოს ქმნის თოვლის ფრენბურთის მაღალი დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად. თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერაა ორგანიზებული.











