Wizz Air-ი ვენაში ბაზას ხურავს – უქმდება ქუთაისი-ვენის მიმართულებაც

wizzair

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საკუთარ ბაზას ხურავს. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება: 2025 წლის 26 ოქტომბრიდან შეწყდება რეისები ბილბაოსა და ლონდონის გეტვიკის მიმართულებით, 2026 წლის 15 მარტიდან კი ფრენები ყველა სხვა მიმართულებით შეჩერდება.

შესაბამისად, გაუქმდება ქუთაისი-ვენის მიმართულებაც, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ავიაკომპანიის ვებგვერდზე ქუთაისი-ვენის მიმართულება მომდევნო წლის ოქტომბრის ჩათვლითაა აქტიური. როგორც Wizz Air-ში აცხადებენ, ვენის ბაზის დახურვის გადაწყვეტილება ოპერაციული ხარჯების ზრდასა და უფრო მომგებიან ბაზრებზე სტრატეგიულ გადასვლას უკავშირდება.

როგორც ირკვევა, ავსტრიის სახელმწიფო ფრენის გადასახადი, რომელიც არ არსებობს მის მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, უნგრეთსა და სლოვაკეთში, ფინანსურ სირთულეებს კიდევ უფრო ზრდის და Wizz Air-ს ულტრადაბალი ფასის მოდელის შენარჩუნებას ურთულებს. როგორც Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ვენის მიმართულებით დაჯავშნილ ბილეთებს მგზავრები WIZZ კრედიტების ან ხელახალი დაჯავშნის ვარიანტების სახით მიიღებენ.