თუ სიჩქარის გადაჭარბება აღემატება 15 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 30 კმ/სთ-ს, ასეთ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ლანა ცანავა

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა აცხადებს, რომ 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა განისაზღვრება 50 ლარით, 30 კილომეტრ საათის ზემოთ სიჩქარის გადაჭარბება კი 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს:

„სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით. კერძოდ, თუ სიჩქარის გადაჭარბება აღემატება 15 კილომეტრ საათს, მაგრამ არ აღემატება 30 კილომეტრ საათ სიჩქარეს, ასეთ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, სამინისტრო საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. ჯარიმა თვითმიზანი არ არის, მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა.