თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა

თეა ახვლედიანი

„სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ ემსახურება საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ღონისძიების გახსნითი სესიის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპაციის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელებულ ძალისხმევაზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობას და ტრენინგ-სემინარის მონაწილეებს პოლიტიკის ფარგლებში ამ კუთხით დანერგილი შესაძლებლობები და ინიციატივები გააცნო. მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო სკოლის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი თემატური სესიების ფარგლებში, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე და იმსჯელონ მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ ექსპერტებთან, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად. ღონისძიების გახსნით სესიას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე. „სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, უკვე დანერგილ ინიციატივებთან ერთად, წელს უკვე მეორედ ვატარებთ სამშვიდობო სკოლის ტრენინგ-სემინარს, რომლის ინტერაქციული ფორმატი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მაღალი რანგის პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეებისგან, აკადემიური წრეების და დარგის ექსპერტებისგან, მიიღონ კომპეტენტური და მათთვის საინტერესო ინფორმაცია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე, ასევე გაეცნონ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევას და მიეცეთ საშუალება რომ სიღრმისეულად გაიაზრონ ეს მნიშვნელოვანი პროცესი და ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მათი შემდგომი ინიციატივების განვითარებასა და საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო სამშვიდობო ცენტრების ფარგლებში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. ტრენინგ-სემინარში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათ შორის უნივერსიტეტებში შექმნილი სამშვიდობო სწავლების ცენტრების წევრი სტუდენტები, ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ კონკურსში 2023-2026 წლებში გამარჯვებული ახალგაზრდები.

✕