29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1777404605
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ეროვნული რეფერენს სტატუსის შესაბამისობის გაუმჯობესებაზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, პრაღის სახელმწიფო ვეტერინარული ინსტიტუტის ექსპერტები უძღვებოდნენ.
ჩეხმა სპეციალისტებმა ლაბორატორიის თანამშრომლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ის მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია ლაბორატორიის მიერ ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
„ტრენინგის ფარგლებში თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია რეფერენს ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკაზე, მათ შორის ანგარიშგების პროცესზე. მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული რეფერენს სტატუსის მქონე ლაბორატორიისთვის, რადგან ხელს უწყობს ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას და, საბოლოოდ, ქვეყანაში სურსათის ხარისხის გაუმჯობესებას“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ ანა გულბანმა.
ლაბორატორიის სპეციალისტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ რეგულაციებსა და პრაქტიკებზე, რომლებიც რეფერენს სტატუსის მქონე ლაბორატორიებისთვის არის დამახასიათებელი.
„ტრენინგის მიზანი იყო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის გაგვეზიარებინა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება რეფერენს სტატუსის გაძიერების მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ლაბორატორიას ეროვნული რეფერენს სტატუსის შემდგომ განვითარებაში, რათა ის მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოქმედ რეგულაციებსა და სტანდარტებს“ - აღნიშნა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორმა, იონაშ ჰეიგერმა.
პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია 2023 წლიდან ფლობს ეროვნულ რეფერენს სტატუსს, რაც მას ანიჭებს უფლებამოსილებასა და მაღალ კომპეტენციას, განახორციელოს რეფერენტული კვლევები.