„სიტუაცია მართვადია, თუმცა ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“ - კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი

სოფიო ასპანიძე

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა მედიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა.

სოფიო ასპანიძე აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული და საყურადღებოა.

„პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება. მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, პროცედურების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების გადაუდებელი, სასიცოცხლო საჭიროება იყო. ახლა სიტუაცია მართულია, თუმცა, მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“, - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.