სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს - ჯანდაცვის მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.

სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს, დაზიანებული აქვს ფილტვი და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.

"მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე ჩაუტარდა. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აქ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით. რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საგარეჯოდან თბილისში დილით გადმოიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.