საქპატენტის თავმჯდომარემ თერჯოლის საბავშვო ბაღებს უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და საბავშვო ზღაპრები გადასცა

საქპატენტის თავმჯდომარე

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ რობაქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, თერჯოლის №3 საბავშვო ბაღს ეწვია და თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს მაია თორთლაძესა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ თერჯოლის საბავშვო ბაღებს გადასცა უწყების პოლიგრაფიაში დაბეჭდილი საგანმანათლებლო რესურსები: 2-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი კურიკულუმის მეთოდური სახელმძღვანელოს 100 ეგზემპლარი და ინტელექტუალური საკუთრების თემატიკაზე შექმნილი საბავშვო ზღაპრები, რომლებშიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ სახალისო და შემეცნებითი ისტორიებია მოთხრობილი.

აღნიშნული საგანმანათლებლო მასალები ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების პროგრამის სრულფასოვან განხორციელებას, სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევასა და ბავშვთა მრავალმხრივ განვითარებას. ამასთან, რესურსების სასწავლო პროცესში ინტეგრირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადრეული ასაკიდან ისეთი უნარებისა და ღირებულებების განვითარებაში, როგორიცაა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვის უნარი, პრობლემის გადაჭრის საწყისი კომპეტენციები, იდეისა და ავტორობის მნიშვნელობის გააზრება და საავტორო ნამუშევრის პატივისცემის კულტურა. აღსანიშნავია, რომ უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები, გზამკვლევები და ინტელექტუალური საკუთრების თემატიკაზე შექმნილი საბავშვო ზღაპრები გასულ და მიმდინარე წელს თბილისისა და ბათუმის საბავშვო ბაღებსაც გადაეცათ.