1745582969
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ყაზახეთის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობს.
ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
KITF 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით, კერძო სექტორთან ერთად წარმოდგენილია ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე. 3 დღის განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად შეხვედრებს ვმართავთ ჩვენს პარტნიორებთან. ყაზახეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, ყაზახებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები ჩამოგვყავს ყაზახეთიდან საქართველოში. ახლაც ჩვენ ვიმყოფებით ყაზახეთში, რომ ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ მათ და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ ყაზახეთიდან საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
KITF 2025-ის გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ყაზახეთში საქართველოს საელჩო.
გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეული.
ალმათის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახ ტუროპერატორებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა. ძალიან სასიამოვნოა ყაზახეთის ტურისტულ ბაზარზე შესვლა. ჩვენთვის პირველი წელია ამ გამოფენაზე. საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესია. ამ გამოფენაზე, დღეს შეუჩერებლად მოდიოდა ხალხის ნაკადი ჩვენს სტენდთან და საქართველოში ტურების მიმართ მათი მხრიდან მუდმივი დაინტერესება იგრძნობა“, - აცხადებს ტურისტული კომპანია 4Seasons travel-ის მენეჯერი ანი ისაკაძე.
„ყაზახებს საქართველო აინტერესებთ, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, თუმცა ძალიან საინტერესო ზამთრის კურორტები გაქვთ და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, ზამთრის კურორტებზე წასვლა, ასევე რა თქმა უნდა ზაფხულის ტურისტულ კურორტებზეც. მოგზაურებს საქართველოში იზიდავთ კულტურა, სამზარეულო, მთები. საქართველოში ძალიან ბევრია სანახავი“, - ამბობს ყაზახური კომპანიაTraveller-ის წარმომადგენელი გალინა იასუტისი.
„საქართველო ძალიან პოპულარული მიმართულებაა ყაზახეთში, საქართველოში იმართება პოპულარული მომღერლების კონცერტები, მაგალითად ჯასტინ ტიმბერლეიკის, ამიტომ ბევრს სურს საქართველოში წასვლა. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ძალიან მინდა ვიმოგზაურო. თქვენი ქვეყანა გამორჩეულია არამარტო თანამედროვე არქიტექტურით, ასევე ძველი ქალაქებით, მთებით, ისტორიითა და საზღვაო კურორტებით“, - ამბობს გამოფენის ვიზიტორი ლეილი ნარუზბაი.
KITF 2025-ზე 63 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანზიაცია და კომპანიაა წარმოდგენელი.