ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
1795158379
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონა ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. კვლევების შედეგად, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ამავე კლინიკაშია 11 წლის ბავშვი, რომელიც იქ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დედასთან ერთად გადაიყვანა.
დედა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის, საავადმყოფოში ფონიჭალიდან შეყვანილი 3 პაციენტი რჩება. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის კახაბერ ჭელიძის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენთან ორი პაციენტი იმყოფება. ერთი ბიჭუნა, 11 წლის, რომელიც დედასთან ერთად მოიყვანეს ამ ტრაგედიიდან მალევე, ხოლო გოგონა, 3 წლის პატარა, ამ ტრაგედიიდან დაახლოებით 8-9 საათის შემდეგ შემოიყვანეს. რეალურად, მათი მდგომარეობა დღეისთვის სტაბილური გახლავთ. ბუნებრივია, მათ უტარდებათ დინამიკაში ყველანაირი შემოწმება. საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი წესრიგშია და მდგომარეობა სტაბილურია. მინიმალური დაზიანებები ჰქონდა პატარას. შესაბამისად, ერთადერთი, რაც იყო საყურადღებო, ეს არის მარცხენა მუხლის სახსრის მიმდებარე ქსოვილების მსუბუქი დაზიანება. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია. ბუნებრივია, მისი მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს და რაც მთავარია, დღეს უკვე ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მათ მართვაში“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ხანგრძლივი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
ტრაგედიას გადარჩა 3 წლის თაია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.