როგორ მუშაობს "სოციალური კალათა" - ფასდაკლებების ახალი მოდელი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე

სურსათი

ფასდაკლებების ახალ მოდელით მომხმარებლები უკვე სარგებლობენ - საქართველოს მასშტაბით, ქსელურ მარკეტებში სოციალური კალათის პროდუქტების შეძენა მოქალაქეებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეუძლიათ. სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე პირველადი მოხმარების პროდუქციაზე 30-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლება მოქმედებს.

მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლება და ბიზნესი ერთ მოდელზე შეთანხმდნენ - ევროპაში უკვე აპრობირებული სისტემის დანერგვაზე, რომლის მთავარი მიზანი ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება და პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასების შემცირებაა.

"კარფური", "სპარი", "მაგნიტი", "კალათა", "უნივერსამი", "გუდვილი", "ზღაპარი", "ნიკორა", "ლიბრე" და "აგროჰაბი" - სოციალური კალათის პროექტში ჩართვის სურვილი თითქმის ყველა მსხვილმა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა. თითოეულმა კომპანიამ საკუთარი შეთავაზება ინდივიდუალურად განსაზღვრა, თუმცა მთავარი პირობა უცვლელია - სოციალური კალათა აუცილებლად უნდა მოიცავდეს იმ პროდუქტებს, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე ხშირად მოიხმარს.

სტენდებზე უკვე განთავსებულია ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი და სხვა აუცილებელი პროდუქტი. ფასდაკლებული საქონელი სპეციალური სტიკერებით იქნება მონიშნული, რომ მომხმარებელმა მისი პოვნა მარტივად შეძლოს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გლობალურ ბაზარზე გაზრდილი ფასების ფონზე ეს ინიციატივა ოჯახის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, აცხადებს, რომ სოციალური კალათა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომელიც ბიზნესმა გაითვალისწინა. საუბარია ე.წ. ბერძნულ მოდელზე - სისტემაზე, რომლის მთავარი უპირატესობა ბიზნესზე ზეწოლის არარსებობაა.

მოდელი კონკურენციის პრინციპზე მუშაობს: ქსელური მარკეტები მომხმარებლისთვის საუკეთესო ფასის შეთავაზებაში ეჯიბრებიან, საბოლოო შედეგი კი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტია.

მაშინ, როცა ფასები ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, "სოციალური კალათა" იქცა მცდელობად, რომ აუცილებელი პროდუქტები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პარლამენტში ამბობენ, რომ საშეღავათო სისტემის შექმნა ბიზნესზე ზეწოლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. საპარლამენტო კომისიის დასკვნა კომპანიებმა რეალობად აქციეს.

სავაჭრო ქსელებმა საკუთარი შეთავაზება თავად განსაზღვრეს, თუმცა პრინციპი ერთია - მომხმარებელმა მაღაზიაში შესვლისას ყველაზე აუცილებელი პროდუქტები შედარებით იაფად უნდა იპოვოს.

საშეღავათო სისტემა პრაქტიკაში უკვე დაინერგა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ე.წ. ბერძნული მოდელი გაამართლებს, მომხმარებელი მოგებული დარჩება, რადგან კონკურენცია უკვე არა მხოლოდ კლიენტის მისაზიდად, არამედ ყველაზე დაბალი ფასის შესათავაზებლად იწყება.