როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
პრემიერის კიდევ ერთი ინიციატივა - მთავრობა ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩანაცვლებითი თერაპიის ნარკობიზნესია.
მეტადონი, როგორც ნარკომაფია - ექთანი, რომელმაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა ნარკობიზნესად აქცია, 12 წლით დააპატიმრეს. "კურიერი P.S"-მა მოიპოვა აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ბენეფიციარი დეტალურად ყვება დანაშაულებრივ სქემას, თუ როგორ ხდებოდა მეტადონის უკანონოდ გაყიდვა ნარკო-მომხმარებლებზე.
ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მასშტაბური სპეცოპერაციებიდან, რომელიც ბოლო თვეებში ნარკორელიზატორების წინააღმდეგ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ჩატარდა. მხოლოდ წელს, ამოღებულია 300 კილოგრამი ჰეროინი, ასობით კილოგრამი კანაფი, ათასობით აბი სუბოტექსი და სხვადასხვა სახის თხევადი ნარკოტიკი - სწორედ ამიტომ კანონი კიდევ უფრო მკაცრდება.
ამიერიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა სრულად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ გადადის, კერძო დაწესებულებებს კი მომსახურების გაწევა აეკრძალებათ, კერძო კომპანიები დამოუკიდებლად ვეღარც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს შემოიტანენ.
"კურიერი P.S-ის" მოპოვებული კადრები ასახავს, თუ როგორ ყიდის სამედიცინო დაწესებულების ექთანი ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილ მეტადონს. ჩანაწერში ჩანს ნარკოდამოკიდებული მამაკაცი, რომელიც ექთანს, ელენა ბონევას, დაწესებულების ფანჯრიდან ფულს აძლევს, რის სანაცვლოდ მედიკოსი მას “მეტადონს“ უკანონოდ გადასცემს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამიდან მოპარული მეტადონით, ექთანი ნარკოტიკების მომხმარებლებს სისტემატურად ამარაგებდა და სოლიდურ თანხასაც იღებდა. მას ოზურგეთის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "კურიერი P.S-მა" პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.
ეს და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კიდევ სხვა არაერთი ფაქტი გახდა მიზეზი, რამაც ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება განაპირობა. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებებით, კონტროლი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იზრდება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე. კერძო დაწესებულებებს ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. თავად მომსახურების ცენტრები კი მჭიდროდ დასახლებული პუნქტების ნაცვლად, სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე განთავსდება. ცნობილი ხდება, რომ კერძო კომპანიები დამოუკიდებლად ვეღარ შემოიტანენ ვერც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად ეს სფეროც სრულად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცევა.
ის, რომ სააფთიაქო ნარკომანია კვლავ სერიოზული გამოწვევაა, ამას "კურიერი P.S-ის" მიერ ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტიც ადასტურებს. დაჯარიმებული და დახურული აფთიაქები ხშირად ფუნქციონირებას შეცვლილი სახელით, სხვა მისამართზე განაგრძობენ.
ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შავი ბაზარი მნიშვნელოვან დანაკარგს უნდა ელოდოს. ასეთია დაგეგმილი ცვლილებების მიზანი. ჯანდაცვის მინისტრი "კურიერი P.S-თან" სისტემური რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის ფსევდო ლიბერალური მიდგომა საშიშ ტენდენციებზე მიუთითებს.
ნარკოტიკებიდან მომდინარე საფრთხეებზე მიუთითებს კონკრეტული ციფრებიც. მხოლოდ მიმდინარე წელს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა სამსახურმა უკვე 27 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერებები გაანადგურა. ლაბორატორიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დაადგინონ სამართალდამცველების მიერ ამოღებული აკრძალული ნივთიერებების დოზები და შემცველობა. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად მომხმარებელმა არ იცის, თუ რა წარმომავლობისაა ნივთიერება, რომელიც მას კონკრეტული დასახელებით მიჰყიდეს. შესაბამისად, ხშირია ზედოზირების და ლეტალური შედეგების ფაქტებიც.
ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ბოლო თვეებში არაერთი გახმაურებული სპეცოპერაციაც ჩატარდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ბათუმის ტერმინალში 85 მილიონი ლარის ღირებულების ჰეროინი ამოიღეს. აკრძალული ნივთიერება ქვეყანაში სატვირთო ავტომობილით შემოვიდა და ის სამშენებლო აგურებში იყო დამალული.
300 კილოგრამი ჰეროინი, 430 კილოგრამი კანაფი, 140 კილოგრამი მარიხუანა, 6000 აბი სუბოტექსი, 7 ლიტრი თხევადი ჰეროინი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარკოტიკების, რომელიც სამართალდამცველებმა მხოლოდ 2025 წელს ამოიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრი "კურიერი P.S-თან" ამბობს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა მისი საქმიანობის პრიორიტეტია. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ებრძვიან ნარკოტიკებით ვაჭრობას ინტერნეტ სივრცეში და ე.წ. დადების პრინციპით რეალიზაციის ფაქტებს.
პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს და გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას საკანონმდებლო ორგანოში სრული მხარდაჭერა აქვს. უკვე ცნობილია, რომ დეპუტატები პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას, მხარს დაუჭერენ.