მეორედ მოვედი აქ, მეტი არ შემიძლია, ჯერ ვერ გადავედი იმ მდგომარეობაში, რომ ადვილად მოვიდე და ეს ყველაფერი თავიდან ვნახო - კურორტი, რომელიც იყო სავსე, დღეს უსიცოცხლოა - ადგილობრივები შოვის ტრაგედიაზე

შოვის ტრაგედია 2

2 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტი ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.

ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, შოვში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და დეპუტატები. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილობრივების განცხადებით, მათ შოვში ჩასვლა უჭირთ და ამბობენ, რომ იმის გახსენება, რაც შოვში მოხდა, ძალიან რთულია.

"გახსენება არის შოკი, ისევ თავიდან ვბრუნდები იმ სიტუაციაში. მეორედ მოვედი ახლა აქ, მეტი არ შემიძლია ამ ეტაპზე, ჯერ ვერ გადავედი იმ მდგომარეობაში, რომ ადვილად მოვიდე და ისევ ყველაფერი ეს თავიდან ვნახო. ეს იყო წარმოუდგენელი მდგომარეობა. კურორტი, რომელიც იყო სავსე, რომელსაც ჰქონდა სიცოცხლე და დღეს უსიცოცხლოა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.