ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის გარდაცვალების გამო, ილია მეორის სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა და ხედვები მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა დარგის მოღვაწეთა და მთელი საზოგადოების შთაგონებას.

„ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის ყოველი შესაძლებლობა. განსაკუთრებულად გვახსოვს მისი მხარდაჭერა და რჩევები COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში, ასევე საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და გემბლინგის რეგულირების საკითხებში. მისი უწმინდესობის მოსაზრებები და წინადადებები, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობაზე მუსიკის დადებითი გავლენის შესწავლის ინიციატივა, მნიშვნელოვანი გზამკვლევი გახდა ჩვენი საქმიანობისთვის. ამ იდეის გაჟღერებიდან მალევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა დაიწყო სისტემური მუშაობა ხელოვნებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის საქართველოში. ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა და ხედვები მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა დარგის მოღვაწეთა და მთელი საზოგადოების შთაგონებას“, – ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამძიმრის ტექსტში.