ისტორიული დღეა, ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ს გამორჩევას - ის ჩვენი ნეტარხსენებული პატრიარქების ღირსეული მემკვიდრეა - ზვიად სეხნიაშვილი

ზვიად სეხნიაშვილი

სვეტიცხოვლის ეზოსა და ტაძარში, სადაც ცოტა ხნის წინ შიო III წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე აღსაყდრდა, ახლა უამრავი ადამიანი რჩება. ხალხის განწყობა განსაკუთრებულია. ისინი ამბობენ, რომ მათთვის ეს არ არის მხოლოდ საზეიმო რიტუალი - ეს არის ისტორიული პროცესის უშუალო თანამონაწილეობა, რაც განსაკუთრებული პატივია.

საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის განცხადებით, პატრიარქის მსახურება დიდი პასუხისმგებლობაა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ეკლესიას და ახალ პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

„ისტორიული დღეა, ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევას - შიო III-ს, რომელიც ნამდვილად ღირსეული მემკვიდრეა ჩვენი ნეტარხსენებული პატრიარქების. ვფიქრობ, რომ ეს მოვლენა ძალიან იშვიათად ხდება და, ამდენად, ჩვენც ამ ეპოქალური მოვლენის მომსწრენი ვართ. მე ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენთაგანმა გაითავისოს, თუ რამდენად მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ მას, რომ აღასრულოს უფლის წინაშე თავისი მოვალეობა და ჩვენც ერთგულად დედა ეკლესიას და სამშობლოს სამსახურში ყოველთვის თანადგომა გამოვუცხადოთ", - აცხადებს ზვიად სეხნიაშვილი.