იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - ლევან იოსელოანი პატრიარქზე

ლევან იოსელიანი

 კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პატრიარქის მდგომარეობა გაუმჯობესდეს

"მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო. ბევრი ადამიანი მიკავშირდება და შეწუხებულია ამ ამბით. ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სიახლის თქმა არ შემიძლია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს ეს პრობლემა. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კეთდება, რომ ეს მდგომარეობა დაიძლიოს. დამაიმედებელი განწყობაა, აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ძირითადად კომუნიკაცია მქონდა სასულიერო პირებთან," - აღნიშნა იოსელიანმა.

ცნობისთვის, კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდნენ სასულიერო პირები, პრეზიდენტი, ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა ამისა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება.