ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფოთში 600 ჰა ფართობი დამუშავდა

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფოთში 600 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელოს რეგიონულმა ჯგუფმა ფოთში, გვიან ღამით, აზიური ფაროსანას და სხვა მავნე მწერების საწინააღმდეგო მორიგი წამლობა ჩაატარა. მობილიზებული იყო 10 ერთეული სპეცტექნიკა. სპეციალისტებმა ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრზე 600 ჰა ტერიტორია თერმული ნისლით დაამუშავეს.

ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ფოთის ვიცე-მერი დავით კვიციანი. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კომპლექსურ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და  ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება, ასევე ცივი შესხურებით სიმინდის მასივების წამლობა.