„ჯარიმა 500 ლარია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1777461872
მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი მიდის, ეს ტაძარი საუკუნეებია, უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება. უამინდობის მიუხედავად, ღამის სამი საათიდან აღმართს მომლოცველთა გრძელი რიგი მიუყვება. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. ხოლო, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა, მადლობის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ.
ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავსო, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.
ამ ადგილას წაჩხურის ციხე (შემორჩენილია კედლები და გალავანი) და წარმართული მოსკეს კერპი ყოფილა. „მოსკე“ მეგრულად მეძევეს, მეშვილეს, ხოლო „წაჩხურა“ წყალტივს ნიშნავს, „მოსკე წაჩხური“ – ვაჟების მომცემს. უძველესი დროიდან კერპს მომლოცველები სწირავდნენ თავიანთი სიმაღლის სანთელს, ვერცხლის ძაფს (სირმა), სანთელ-საკმეველს, ფულს და მცირე ზომის მორთულ-მოკაზმულ აკვანს, მათ შორის, ვერცხლისას და შვილიერებას ევედრებოდნენ. ეკლესიაში დაბრძანებულ წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს ხალხმა „მოსკე წაჩხური“ უწოდა. ეს ხატი სწრაფლშემსმენელია და გულით ნათხოვნს აღასრულებს.
ამ დღეს უშვილოებს ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს, საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან. იქ მამათა მონასტერი რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს. სტიქაროსნები წყვილების სახელებს იწერენ და მთელი წლის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს ბერები უშვილო წყვილებს ლოცვებში იხსენიებენ, მთავარანგელოზს მათთვის შვილიერებას სთხოვენ. უშვილო წყვილებს ტაძარში ნებისმიერ ხუთშაბათს შეუძლიათ ასვლა და ლოცვა. ტაძარში მიტანილ პატარა აკვნებს სასულიერო პირები აკურთხებენ. ის აკვნები იმ უშვილო წყვილებს მიაქვთ, რომლებსაც აკვანი არ ამოუტანიათ. ბევრი ლამაზად მორთული აკვანი მშობლებს სახლში პატარებისთვის მიაქვთ. ამ ტაძარში მომხდარ სასწაულებზე დეკანოზი სერაფიმე დანელია გვიამბობს, რომელიც ამ ტაძრის წინამძღვარი იყო 13 წლის განმავლობაში და ამ ტაძარში მომხდარი სასწაულები აღწერილი აქვს თვის წიგნში „მომეფერე, უფალო“.
წყარო: „თბილისელები“