გვაქვს მოლოდინი, რომ სრულად გამამტყუნებელი განაჩენი დადგება სამივე ბრალდებულის მიმართ" - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება

ლევან ვეფხვაძე

ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე მსჯელობს.

პროცესზე მხარეებმა რეპლიკებით უნდა ისარგებლონ. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

"დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე ისარგებლებს რეპლიკის უფლებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეპლიკაში არსებითად ახალი გარემოება პროკურორის მხრიდან ნათქვამი ვერ იქნება და ის ალბათ, ძირითადად, იქნება დასკვნითი სიტყვის გამეორება, რასთან დაკავშირებითაც დაცვის მხარეს ჩვენს დაცვის სიტყვაში უკვე პასუხები გაცემული გვაქვს. საბოლოო სიტყვის ეტაპი, ბუნებრივია, დარჩენილია. ამ ნაწილში, გიორგი მიქაძე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, რომ გიორგი მიქაძე და დავით მიქაძე უდანაშაულოდ უნდა იყვნენ წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი," - აცხადებს გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატი, შორენა ნიქაბაძე.

საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე დაცვის მხარეს სრულად გაუბათილებს როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ არგუმენტებს.

"დღეს ბრალდების მხარე წარადგენს რეპლიკას დაცვის მხარეს დაუსაბუთებელ დასკვნით სიტყვაზე. დღეს დაანახებს ბრალდების მხარე სასამართლოს, თუ რამდენი არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაცვის მხარემ სასამართლოს, - მოწმეთა ჩვენებები არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაციით. ჩვენ კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც გამოიკვლია ბრალდების მხარემ და რომელიც ადასტურებს უშუალოდ გიორგი მიქაძის, დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის ბრალეულობას. როგორც სამართლებრივ ნაწილს გავუბათილებთ დაცვის მხარეს, ისე ფაქტობრივ ნაწილს. გვაქვს მოლოდინი, რომ სრულად გამამტყუნებელი განაჩენი დადგება სამივე ბრალდებულის მიმართ," - აცხადებს პროკურორი.