დღევანდელი ლიბერალიზმი ცენზურასა და ძალის კულტზე დგას - ამას მხოლოდ რწმენის გაძლიერებით უნდა დავუპირისპირდეთ - ნანა დევდარიანი

ნანა დევდარიანი

"ტოტალიტარული იდეოლოგია ბოლშევიზმი კი იყო, მაგრამ ვინ თქვა, რომ დღევანდელი ლიბერალიზმი არ არის ტოტალიტარული იდეოლოგია, აბსოლუტურად ერთი ერთშია - მთლიანად დგას ცენზურაზე, ძალმომრეობაზე, ძალის კულტზე", - განაცხადა პოლიტიკოსმა ნანა დევდარიანმა გადაცემა "დებატებში".

დევდარიანის თქმით, ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან დაპირისპირება არა ჩვეულებრივი მეთოდებით, არამედ მხოლოდ რწმენის გაძლიერებით არის შესაძლებელი. პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, და ნამდვილი ადამიანის უფლებების პატივისცემა ბრიუსელიდან მოსული "ლიბერალური მანტრების" გამეორებაში კი არ მდგომარეობს, არამედ ამ ისტორიული გამოცდილების შენარჩუნებაში.

"ტოტალიტარული იდეოლოგია ბოლშევიზმი კი იყო, მაგრამ ვინ თქვა, რომ დღევანდელი ლიბერალიზმი არ არის ტოტალიტარული იდეოლოგია, აბსოლუტურად ერთი ერთშია. მთლიანად დგას ცენზურაზე, ძალმომრეობაზე, ძალის კულტზე - სადაც არის ძალა, იქ არის სიმართლე მათი აზრით, არა და ეს ასე არ არის, სადაც არის რწმენა, იქ არის სიმართლე. ამიტომ, ის, რაც დღეს ხდება, ჩვენ ხანდახან ძალიან ვბრაზობთ ხოლმე ამის გამო და გვინდა, რომ ამას დავუპირისპირდეთ, და ამასთან დაპირისპირება ჩვეულებრივი მეთოდებით არ ხდება, ხდება მარტო რწმენის გაძლიერებით, მარტო იმაზე სერიოზული ფიქრით, რომ მე ახლა რაღაცას ისეთს ხომ არ ვამბობ და ვაკეთებ, რამაც შეიძლება მთლიანად ეს ერი დააზარალოს.

სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძე წერდა, კაცი საქართველოში რომ მოინათლებოდა მართლმადიდებლურად, იმაზე იტყოდნენო - გაქართველდაო.

საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, სადაც არის გაქართველებული რუსი, გაქართველებული პოლონელი, გაქართველებული სომეხი, ნებისმიერი ეროვნების და ებრაელებიც, ჩვენი ძმები, რომლებიც 26 საუკუნე აქ ცხოვრობდნენ და არ არსებობს ერთი ფაქტი მათი შევიწროებისა.

ადამიანის უფლებების ნამდვილი პატივისცემა კი არ დგას იმაზე, რომ ლიბერალური მანტრები ვიმეოროთ, რასაც ხშირად ვისმენთ, პირდაპირ ვთქვათ - ბრიუსელიდან და მისი სტრუქტურებიდან, არამედ ჩვენთვის მთავარია, რომ გავიხსენოთ ეს ისტორიული გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანებს აძლევდა მშვიდობიანად თანაარსებობის საშუალებას, და ამაზე იდგა ქართული სახელმწიფო. იმიტომ არ იყო არასოდეს ეს გაყოფა, რომ ეს ამ ეროვნების არის, ის ამ ეროვნების არის, არა, აკეთებ შენ ქართულ საქმეს? აშენებ ქართულ სახელმწიფოს? აფერუმ, შენ ქართველი ხარ. შეიძლება, შენ გვარ-სახელიანად, წინაპრებიანად ქართველი იყო, მაგრამ ანგრევდე ქართულ სახელმწიფოს და მაშინ შენ ქართველი არ ხარ, რაც არ უნდა გეწეროს პასპორტში“, - აცხადებს პოლიტიკოსი ნანა დევდარიანი.