თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 11 მაისს, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება და მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახსნის. ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობით გაფართოებულ კრებას ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 დელეგატი დაესწრება.
სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ხოლო დელეგატებისა და სტუმრების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდება. სტუმრების მიღება დილის 10:00 საათიდან დაიწყება.
საარჩევნო პროცესს სპეციალური კომისიები უხელმძღვანელებენ, სადაც ფარულ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება პატრიარქობის სამ კანდიდატს - მეუფე შიოს, მეუფე იობსა და მეუფე გრიგოლს, ასევე ეპარქიების წარმომადგენლებსა და დელეგატებს.
სიტყვით სარგებლობის შემდეგ ჩატარდება დახურული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 39 ეპისკოპოსის მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება.
კრება დახურული იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში კრების გახსნის, კენჭისყრის პროცესისა და შედეგების გამოცხადების ტრანსლაციას უზრუნველყოფს.
ახალ პატრიარქს ყველა ის ტიტული გადაეცემა რასაც ილია მეორე ატარებდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამავდროულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იქნება.
ინტრონიზაციის ცერემონია მოგვიანებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს ელოდებიან.