2024 წლის აქციების საქმეზე დაკავებულ მოქმედ და ყოფილ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

მართლმსაჯულება

5 მოქმედ და ყოფილ ძალოვანს, რომლებიც 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილს, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატიმრობა შეეფარდა.

მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

„ამ დროის განმავლობაში ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა ასობით მოწმე, ასევე გამოთხოვილი იყო ათობით საათის ვიდეოჩანაწერი. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის. უდიდესი სამუშაო იყო გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ ამ შემთხვევაში 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ გირაოს ითხოვდა.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს. დაცვის მხარე ვშუამდგომლობდით სასამართლოს წინაშე, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, იმ გარემოებების გამო, რომ მას არ უცდია და არც აპირებდა მიმალვას, ასევე მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლა არ მოუხდენია. პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ბრალდებულმა მისცა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება, სადაც აღნიშნა კიდევ, რომ ვინმეს მხრიდან დავალებას ადგილი არ ჰქონია და დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა“, - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე ტატუაშვილმა.