ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერია

ბათუმის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს 2026 წელს არ იგეგმება არც ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ბათუმის მერის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2026 წელს ბათუმში არ იგეგმება არც ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლოკაციების შესწავლა-შერჩევის პროცესი უბნების საჭიროების მიხედვით. შერჩევის დასრულების შემდეგ, 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებისას, მოხდება შესაბამისი თანხის გათვალისწინება. ასევე, 2026 წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც აშენდება ორსართულიანი 300 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა.

მიმდინარეობს და 2026 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასა და ივანე მესხის ჩიხში. ბაღები ჯამში 240 აღსაზრდელზეა გათვლილი.

2026 წელს დასრულდება 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, შედეგად 1 440 ბავშვი შეძლებს სააღმზრდელო პროცესში ჩართვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართულად ემსახურება ბათუმის მერიისა და ქალაქის მერის დისკრედიტაციას“.