„წვიმა, ელჭექი, თოვლი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1775728770
37 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული ამბების შემდეგ. ამ წლების განმავლობაში თითქოს ყველაფერი დაიწერა, გაშუქდა მედიის მხრიდან, მაგრამ მაინც დარჩა მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც ვიწრო წრემ იცის და 9 აპრილის ღამის მონაწილეები მხოლოდ ახლობლებთან ჰყვებიან.
მაყვალა დავითაძე ერთ-ერთია, იმ სამშობლოსთვის გულანთებულ სტუდენტებს შორის, ვინც ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა მხარდამხარ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და აპრილის მოვლენების ეპიცენტრშიც მოხვდა. რუსი ჯალათის ნიჩაბმაც დააზიანა, მოიწამლა კიდეც და დახოცილები მორგში თავისი თვალით ნახა.
„პრაიმტაიმმა“ ქალბატონ მაყვალასთან ინტერვიუ 3 წლის წინ ჩაწერა. საუბარს ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია და ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან რთული და ემოციური გასახსენებელი აღმოჩნდა ამბები, რომელსაც რესპონდენტი მოგვიყვა.
ქალბატონი მაყვალა გახლავთ ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
- 1989 წელს პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ეროვნული მოძრაობის დღეებში, მიტინგების დროს ახალგაზრდები სხვადასხვა ადგილებზე ვიკრიბებოდით ხოლმე დღის განმავლობაში და საღამოს კი ყველანი რუსთაველზე მივდიოდით. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენსავე კორპუსთან, კიბეზე ვიყავით ხოლმე შეკრებილი, მიკროფონიც იქვე გვედგა, კიბის თავში. მახსოვს, ერთხელ სწორედ მიკროფონის ძირში, კიბეზე ვიყავი ჩამომჯდარი და ისეთი დაღლილი და გათიშული ვიყავი, უკვე გამომსვლელებსაც კი ვეღარ ვუსმენდი, თავჩაქინდრული რაზე ვფიქრობდი, არ ვიცი. თავზე ხელი დამადო ვიღაცამ, ავიხედე და დავინახე ზვიად გამსახურდია. ეს რამხელა რამეს ნიშნავდა ჩემთვის, ენით ვერ აღვწერ.
მახსოვს, 9 აპრილის წინა დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე კი ჩამოიარეს „ბეტეერებმა“ და ჩვენ ვიცინოდით - გვაშინებენო. სინამდვილეში თურმე გვაფრთხილებდნენ, მაგრამ ისეთი პატრიოტიზმის გრძნობით ვიყავით გამსჭვალულები, რომ არც შეგვშინებია და არც გაგვითვალისწინებია, რომ ეს იყო გაფრთხილება და მართლა ყველაფერზე წამსვლელი იყო რუსეთი.
გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერების გარდა, ყველა ჯგუფს ჰყავდა თავისი ლიდერები, ვინც ჩვენ გვიკეთებდა მობილიზებას, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ვინმე მოდიოდა ჩვენთან და გვაიძულებდა რამეს, ეს იქნება ტყუილი. ეს იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული ქმედება და ყველას სურვილი. მახსოვს, ჩვენი ლიდერები იყვნენ გელა გოდერძიშვილი, ბესო საბაშვილი და ძალიან გული მწყდება, რომ მან რადიკალურად შეიცვალა შეხედულებები; იყო სოსო ქუთათელაძე, დათო ბეჟაშვილი - მათ მოჰქონდათ ამბები, სად უნდა წავსულიყავით და რა უნდა გაგვეკეთებინა.
ჩემ თვალწინ ფილმივით გადის ხოლმე ის კადრები, რაც 9 აპრილის ღამეს მოხდა. ყველანი ვიყავით რუსთაველზე. ცოტა მცივანა ვარ, რომ მოსაღამოვდა, შემცივდა. ეს შენიშნა ზვიად ტყეშელაშვილმა. მითხრა - დედაჩემმა შარვალი მომიტანა სახლიდან, რომ შეგცივდეს, ჩაიცვიო. მე ამის ჩამცმელი არა ვარ და მოგცემ, შენ ჩაიცვიო. დღემდე მაქვს ის შარვალი შენახული სამახსოვროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და გზები დიდი ხნის წინ გაიყო. ამ შარვალმა ვერ გამათბო. შემდეგ შემხვდა მეგობარი, რომელიც დუშეთის საგზაო სატრანსპორტო სამსახურში იყო დასაქმებული და ვთხოვე, ამიყვანე სახლში, თბილად ჩავიცვამ და უკან მომიყვანე-მეთქი. - უკეთეს რამეს შემოგთავაზებ, - „საგზაოს“ თანამშრომლებისთვის მაქვს ახალთახალი ტანსათბურები (ე.წ. „ტელეგრეიკა“), ერთ ცალს მოგცემ და მერე დამიბრუნეო. ვიდრე ამ ამბებში ვიყავი, უკან დაბრუნებულს ჩემი ჯგუფელები ადგილზე აღარ დამხვდნენ. ვიღაცას უთქვამს, ტელევიზიასთან გვიჭირს ხალხიო და იქ წასულან. ვერ გადავწყვიტე, წავსულიყავი ტელევიზიასთან თუ რუსთაველზე დავრჩენილიყავი. როცა ამბის დატოვება გვინდოდა, ვუბარებდით ჩვენი მეგობრის ძმას, რომელიც შიმშილობდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებდა. წავედი მისკენ, რომ ამბავი დამეტოვებინა და ვიღაცამ მთხოვა, წყალი მომიტანეო და შამპანურის ცარიელი ბოთლი მომაწოდა. უკვე ღამის 3 საათი იყო, უკან გამოვბრუნდი, სანამ ხალხში გზა გავიკვლიე, სანამ წყალი ავიღე, ამასობაში პატრიარქის გამოსვლა დაიწყო და გავჩერდი, რომ მისთვის მომესმინა. იხილეთ ვრცელი ინტერვიუ...