რატომ მიაქვთ ფრინველებს სიგარეტის ნამწვავები ბუდეში - მეცნიერების ახსნა

ჩიტის ბუდე

ევროპაში ზოგიერთი ფრინველი, მათ შორის წიწკანები, ბუდეების მოსაწყობად სიგარეტის ნამწვებს იყენებს, რაც, როგორც აღმოჩნდა, პარაზიტების წინააღმდეგ ბუნებრივ დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ The New York Times წერს.

კვლევა, რომელიც ჟურნალში Animal Behavior გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ სიგარეტის ნარჩენებში არსებული ტოქსიკური და აქროლადი ნივთიერებები ფრინველებს ტკიპებისა და სხვა პარაზიტებისგან იცავს.

ლოძის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ექსპერიმენტულად დაადგინეს, რომ იმ ბუდეებში, სადაც სიგარეტის ნამწვები იყო გამოყენებული, ბარტყებში ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონე შედარებით მაღალი აღმოჩნდა, რაც უკეთეს ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებს.

ამასთან, პარაზიტები უფრო ხშირად გვხვდებოდა იმ ბუდეებში, სადაც მსგავსი უცხო მასალა არ გამოიყენებოდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქცევა შეიძლება იყოს ადაპტაციური პასუხი გარემოს დაბინძურებაზე, თუმცა ამავდროულად ხაზს უსვამენ სიგარეტის ნარჩენების ეკოლოგიურ საფრთხეს — ყოველწლიურად გარემოში ტრილიონობით ასეთი ნარჩენი ხვდება, რაც პლასტმასის პოლიმერებისა და მავნე ქიმიკატების გავრცელებას იწვევს.