„ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა გველებთან შეხვედრა“ - ჰერპეტოლოგ რატი მამუკაშვილის რეკომენდაცია

გველი

ჰერპეტოლოგი რატი მამუკაშვილი განმარტავს, რომ გველების აქტივობა ტემპერატურასა და ამინდზეა დამოკიდებული, ამიტომ მათი გამოჩენა წლის ამ პერიოდში, უჩვეულო არ არის. სპეციალისტის თქმით, გველები გამოსაზამთრებელი ადგილების ძებნას, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისიდან იწყებენ.

მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა გველებთან შეხვედრა, რომლებიც სულ რამდენიმე კვირის გამოსულები არიან ბუნებაში და სრულად გარემო პირობებთან ადაპტირებულები.

როგორ მოვიქცეთ გველის დანახვის შემთხვევაში და თბილისის რომელ ტერიტორიებზეა მათი შემჩნევა შესაძლებელი? რატი მამუკაშვილი „პრაიმტაიმის“ კითხვებს პასუხობს:

- ბოლო დღეებში, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, გიურზა ნახეს, რამდენიმე დღით ადრე კი გველი მუხიანში. რამდენად უჩვეულოა გველების გამოჩენა ოქტომბრის მეორე ნახევარში? ამ პერიოდში გველები უკვე უნდა ემზადებოდნენ ზამთრის ძილისთვის, თუ ჯერ კიდევ აქტიურები არიან?

- (ჰიბერნაცია) გველების ზამთრის ძილით დაძინებას  როგორც წესი რამე კონკრეტული თარიღი არ არსებობს. როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის დასაწყისიდან ემზადებიან გამოსაზამრთებელ ადგილებში შესასვლელად. ეს ადგილები შეიძლება იყოს კლდეების ნაპრალები, გამოქვაბულები, სარდაფები, ღრმა ორმოები, ფუნდამენტები, მიტოვებული სოროები, სადაც მიწა არ იყინება, ტემპერატურა სტაბილურია და უსაფრთხო გარემოა.

- რა ფაქტორები განსაზღვრავს, როდემდე დარჩებიან გველები აქტიურები?

- მათი აქტივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, მზიან დღეებზე და გარემო პირობებზე.

- თბილისის კიდევ რომელ უბნებსა და ტერიტორიებზეა გველებთან შეხვედრის ალბათობა შედარებით მაღალი ახლა?

- ნებისმიერ ადგილას შეიძლება გველთან შეხვედრა. განსაკუთრებით ხშირია ამ პერიოდში წლევანდელ ახალგამოჩეკილ, ან ახალ დაბადებულ ახალგაზრდა გველებთან შეხვედრა, რადგან ახალი დაწყებული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრება და არ არიან ადაპტირებული გარემოსთან, ასევე, ხშირია ერთ კონკრეტულ ადგილას რამდენიმე პატარა გველის ნახვა, რაც მიანიშნებს, რომ იმ ტერიტორიის სიახლოვეს მოხდა მათი გამოჩეკა, ან დაბადება. 

და ბოლოს, როგორ დავიცვათ თავი, თუ ამ პერიოდში სადმე წავაწყდით?

- თავის დაცვას რაც შეეხება: რა თქმა უნდა, არ ვეცადოთ თვითნებურად დაჭერას დანახვის და შეხვედრის შემთხვევაში. მოვერიდოთ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ვადევნოთ თვალყური რა მიმართულებით წავა, ან სად დაიმალება, რათა დამხმარე ჯგუფის მოსვლის დროს შედარებით ადვილად მოხდეს მათი მოძიება, დაჭერა, გაყვანა.

გვახსოვდეს, რომ გველები არც ისე საშიშები არიან, როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენება, ასევე არ შევუქმნათ მოსახლეობას უსაფუძვლო პანიკა და შიში იმის შესახებ, რომ წელს თითქოს მომატებულია მათი პოპულაცია. ისევე როგორც სხვა წლებში, ჩვენს გარშემო ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ ქვეწარმავლები.

✕