აღდგომას თბილისში ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაწესდება და მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ

საზ ტრანსპორტი

 კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, რომლითაც მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: "მარჯანიშვილი", "დელისი", "სარაჯიშვილი", "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, "დიდუბის" ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან ("თბილისი ცენტრალის" პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან", - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება" , - აღნიშნა კახა კალაძემ.