„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ო. გ.
უწყების ცნობით, საქმე ეხება მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განსახორციელებლად, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ო.გ.-მ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ სამი ანალოგიური შინაარსის ყალბი ცნობა დაამზადა. თითოეული ცნობის თანახმად, თითქოს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ მოყვანილი 25 ტონა (ჯამში 75 ტონა) კარტოფილი რეალიზებულ იქნა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტზე.
ო.გ.-ს განმარტებით, მის მიერ საქონლის წარმოშობის შესახებ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა პროდუქციის მაღალ ფასში რეალიზაცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მისი ექსპორტზე გატანის შემთხვევაში, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი მსგავსი პროდუქციის ფასი ბაზარზე გაცილებით მაღალია სხვა ადგილწარმოშობის პროდუქციასთან შედარებით.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ო.გ.-მ მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა და 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოართვა 6000 ლარი.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.