ვრცელდება ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები - ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი 

ლენტი

ფარული ვიდეო მასალა, რომელიც სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაიღეს, ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა - ნარკოტიკების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების ბრალდებით პოლიციამ 2 პირი დააკავა. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი "ჰეროინი," "მარიხუანა" და სასწორი ამოიღეს.

პირი რომელიც, ავტომობილში ზის და ნარკოტიკს ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით ყიდის, "კურიერის" ინფორმაციით, გრიგოლ მარიდაშვილია. 69 წლის კაცს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი 26 წლის მამაკაცია. "კურიერმა" მისი ვინაობა დაადგინა, ის გრიგოლ ქორთიაშვილია. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა და სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას მალავდა. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული კადრებიდანაც დასტურდება, სადაც ჩანს, რომ დაკავებული სამალავებს პოლიციას თავად უჩვენებს.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე იყვნენ მობილიზებულები.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. გამოძიება მათ წინააღმდეგ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.