საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1983 წელს დაბადებული ო.ე., 1993 წელს დაბადებული რ.დ., 1989 წელს დაბადებული ს.ა. და 1998 წელს დაბადებული დ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ს.ა.-მ და დ.თ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ავტომანქანაში დამალვის გზით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბრალდებულმა ო.ე.-მ საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებული რ.დ. საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.