როგორ გავახაროთ ხასხასა ჯეჯილი - პრაქტიკული რჩევა სააღდგომოდ
1774957020
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე აუდიტორი, რომელმაც სასამართლოს ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ოჯახისა და მასთან დაკავშირებული პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, დაიკითხა ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი – დავით ბურჭულაძე.
დღევანდელ პროცესზე დაგეგმილი იყო თავად ბურჭულაძის დაკითხვა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. ბურჭულაძის თქმით, სასამართლოში მოწმედ მისი ოჯახის წევრების წარდგენის მიზანი იყო, რომ ოჯახის შემოსავლებზე ესაუბრათ.
დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა, რითაც საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის.
მომდევნო პროცესზე დასკვნით სიტყვას პროკურატურა წარმოთქვამს, ამავე უფლებით დაცვის მხარეც ისარგებლებს.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებას რაც შეეხება, ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყებას ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძესისა და გიორგი ხაინდრავას ადვოკატებმა უკვე მიმართეს. უახლოეს დღეებში მიმართვას ასევე გეგმავს ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი.
პროკურორის ანი ლეკიაშვილის თქმით, ამ დროისთვის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ორი მთავარი პირობაა – დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება. მისვე თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება პროკურატურის პრეროგატივაა.
„დღეის მდგომარეობით, არც ზიანი არის ანაზღაურებული, შესაბამისად, განცხადებების შემოსვლის შემდეგ ბრალდების მხარეს რაიმე პირობა არ მიუღია და არ განუხილავს. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაც შეეხება ზიანს, ჯამში სამინისტროს მიადგა შვიდ მილიონამდე ზიანი. რომელმა ბრალდებულმა უნდა გადაიხადოს ეს თანხა, ამას არსებითი მნიშვნელობა ბრალდების მხარისთვის არ აქვს. მთავარია, ზიანი იყოს ანაზღაურებული, ვინ გადაიხდის თვითონ ბრალდებული, მათი ოჯახის წევრი თუ სხვა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დაზარალებულს არ ჰქონდეს პრეტენზია“, – განაცხადა ანი ლეკიაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს, თავისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი, 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხება ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითდა მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.