პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეოს ავრცელებს.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებენ.

„საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს, ბრალდება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობად გადაუკვალიფიცირა და 11 პირი დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აქციების მიმდინარეობის დროს ბრალდებულებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში. პროკურატურამ თერთმეტ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. სასამართლოს განაჩენით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულების ქმედება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა) და ბრალდებულებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 11-ვე პირს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.