1760801355
პროკურატურა: ირაკლი შაიშმელაშვილმა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა, ასევე ცდილობდა შსს-ს თანამშრომლების დემორალიზებას

ირაკლი შაიშმელაშვილმა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა, - განაცხადა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ
ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა.
მან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირისთვის, მათ შორის შაიშმელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებების დეტალებზე ისაუბრა.
„საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა.
ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ”, - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.
მისი განცხადებით, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.