1775159088
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ. ბრალდებულებმა, ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე საათის შემდეგ, დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს.
ხოლო, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას გულისხმობს და 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











