1743141376
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2 პირი: 2005 წელს დაბადებული ლ.კ. და 2001 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ.კ. ავტომობილით გადაადგილებისას, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანის მგზავრს-1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და ნ.კ.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნ.კ.-ს დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმა, ლ.კ., რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანნაქონი ცივი იარაღის გამოყენებით ა.მ. დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ლ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ნ.კ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.