ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. საქმე "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ეხება.

უცნობია, დღევანდელ პროცესს დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული ნიკა გვარამია. ასევე უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას და ისარგებლებს თუ არა საბოლოო სიტყვის უფლებით.

წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს გაიმართა, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის მზად იყვნენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.