ჯაშუშობაში დაკავებულის საქმეზე ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გულბაათ რცხილაძე

ერთ დღეში დაკავებულია ორი პირი, რომლებსაც ჯაშუშობაში ედებათ ბრალი - საქმე ეხება გულბაათ რცხილაძეს, რომელიც გამოძიების ვერსიით, ორი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდა და ირაკლი ჩიხლაძეს, რომელიც, ანტისახელმწიფოებრივი ქმედების პარალელურად, რეგიონში ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა.

ცნობილია, რომ ერთი მათგანი "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" დამფუძნებელია, მეორე კი - "ევრაზიის ინსტიტუტის". ორივე პირი ამჟამად დაკავებულია, ოფიციალურ ბრალს კი მათ ხვალ გააცნობენ.

გულბაათ რცხილაძის ინტერესების დამცველი საქმის მასალებს უკვე გაეცნო, თუმცა სახელმწიფო საიდუმლოებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ადვოკატის განცხადებით, რცხილაძე ბრალს არ აღიარებს.

"ამ ეტაპზე ის შემიძლია გითხრათ, რომ, ბუნებრივია, ბრალს არ აღიარებს. საქმის მასალებს გავეცანი - საკმაოდ მოცულობითია. დეტალებს ვერ მოგიყვებით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და სახელმწიფო საიდუმლოებაა. არის ვიდეოჩანაწერები, მოწმეები და მთელი რიგი მტკიცებულებები. ამ ყველაფერს სასამართლო შეაფასებს, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებას ჯაშუშობასთან დაკავშირებით - ჩემი პიროვნული შეფასებით, მას არანაირი კავშირი არ აქვს ჯაშუშობასთან და ბრალს არც ბატონი გულბაათი აღიარებს," - აცხადებს ადვოკატი ლაშა გოლუბიანი.