1753294278
კახეთში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობაზე. საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, აუცილებელია, ფერმერებსა და საქართველოს მელიორაციას შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმება, რათა წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება იყოს შესაძლებელი“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
შეხვედრა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი პირები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში კახეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8725 ჰექტარს შეადგენს.