ბათუმში კოლონადას მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

ბულვარი

ძველ ბულვარში, კოლონადას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

გამოთავისუფლებული სივრცე უკვე არსებული იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერის ერთგვარ ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. შესაბამისად, ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ შემუშავდა სივრცის მოწესრიგებისა და გამწვანების გეგმა, რომელიც აღნიშნულ ადგილს დაუბრუნებს პირვანდელ, ავთენტურ იერსახეს და ჰარმონიულად შეერწყმება გარემოს. 
სამუშაოები მოიცავს არსებული ბილიკების მოპირკეთებას, სივრცის გამწვანებას და საბაღე ინფრასტრუქურის მოწყობას, რომლებსაც ბულვარის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

ტურისტული სეზონისთვის ახალი გამწვანებული სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ძველი ბულვარის ცენტრალური ნაწილის იერსახეს და ბულვარის ვიზიტორებისთვის დამატებით მიმზიდველ გარემოს შექმნის.