რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა ნიშნები მიუთითებს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია

ზეთი

ზეთი თითქმის ყველა ოჯახის ყოველდღიური რაციონის ნაწილია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მისი სასარგებლო თვისებები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც წარმოების მეთოდზე, ისე გამოყენებისა და შენახვის წესებზე.

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ გადაცემაში „შუა დღე“ სხვადასხვა სახეობის ზეთის თვისებებსა და მათი გამოყენების წესებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის, ქოქოსისა და სხვა ზეთებს საკუთარი სასარგებლო თვისებები აქვთ. მაგალითად, მზესუმზირის ზეთი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, სიმინდის ზეთი E ვიტამინით არის მდიდარი, ხოლო ზეითუნის ზეთი ორგანიზმის მიერ თითქმის სრულად შეითვისება.

ექსპერტის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, არის თუ არა ზეთი რაფინირებული. რაფინირება ქიმიური ან ფიზიკური წმენდის პროცესია, რომელიც ზეთს მაღალ ტემპერატურაზე გამძლეობას და შენახვის ხანგრძლივ ვადას აძლევს, თუმცა ამავე დროს გარკვეულ სასარგებლო თვისებებსაც აკარგვინებს.

მარიამ ჩაჩუას განმარტებით, არარაფინირებული ზეთები, მათ შორის ცივი დაწურვით მიღებული ე.წ. კახური ზეთი, მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, თუმცა მაღალი ტემპერატურის მიმართ ნაკლებად მდგრადია და შეწვისთვის არ გამოდგება.

სპეციალისტი საუკეთესო გამოსავლად უცხიმოდ ან მინიმალური ცხიმით მომზადებულ საკვებს მიიჩნევს, რომელსაც მოგვიანებით არარაფინირებული ზეთი დაემატება. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის მიმართ ბუნებრივად გამძლეა ქოქოსისა და ავოკადოს ზეთი, თუმცა მათი ღირებულება ხშირად მაღალია.

ექსპერტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ზეთის განმეორებით გაცხელებაა. მისი თქმით, გადახურებისას იწყება დაჟანგვის პროცესი და შესაძლოა წარმოიქმნას მავნე ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ზეთის არჩევისას სპეციალისტი მომხმარებლებს ურჩევს ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს, წარმოების ქვეყანას და პროდუქტის გამჭვირვალობას. რაფინირებული ზეთი კრიალა და ნალექის გარეშე უნდა იყოს, ხოლო არარაფინირებულ ზეთში მცირე ნალექი დასაშვებია.

რაც შეეხება შენახვას, არარაფინირებული ზეთები რეკომენდებულია მაცივარში, მინის ჭურჭელში შეინახოთ. ექსპერტის თქმით, ვადაგასული ზეთის გამოყენება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, ხოლო გახსნილი არარაფინირებული ზეთი, როგორც წესი, ერთ თვეში უნდა დაიხარჯოს.

მარიამ ჩაჩუა მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ ზეთს მძაღე გემო ან თევზის მსგავსი სუნი აქვს, აღნიშნული ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501-ზე დააფიქსირონ.