„ქარი გადაუვლის და აღარ იქნება…“ - რას ამბობდა ეჯე ირთემი სიცოცხლეზე, გარდაცვალებამდე

ირთემი

თურქი მსახიობი ეჯე ირთემი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით სერიალ „შერბეთის“ იშილის როლით გაიცნო, 2026 წლის 15 ივნისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა.

პირველადი ცნობებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა საბოლოო მიზეზი მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინტერვიუ, რომელიც მსახიობის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე არის ჩაწერილი. ეჯე ინტერვიუში სიცოცხლის წარმავლობასა და ბედისწერაზე საუბრობდა. მსახიობი აღნიშნავდა, რომ ადამიანები ხშირად ზედმეტად ბევრს ნერვიულობენ და ავიწყდებათ, რამდენად ხანმოკლეა ცხოვრება.

„ადამიანი ბალახივითაა, მინდვრის ყვავილივით ყვავის, ქარი გადაუვლის და აღარ იქნება“, -ამბობდა ის. 

ინტერვიუს ამონარიდს სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი აზიარებს და აღნიშნავს, რომ მსახიობის ფილოსოფიური დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ, დღეს ბევრად უფრო ემოციურად ჟღერს.