ვერ გაერთიანდება ის, რაც არ დაშლილა. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ბოროტმოქმედ ძალას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

 სიმართლე არასდროს არ იმალება, მათ უკვე საჯაროდაც უწევთ იმის აღიარება, რომ გარედან დავალებული გაერთიანებაა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ვერ გაერთიანდება ის, რაც არ დაშლილა. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ბოროტმოქმედ ძალას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელია შეტანილი.

„ამის ფონზე მათი უცხოელი პატრონები რომ კიდევ ფსონს დებენ ამ გაცამტვერებულ და სრულად დეგრადირებულ პოლიტიკურ გუნდზე, ამ უცხოელ ძალებზე კარგად მეტყველებს. ჩვენ ვიცით, რომ მათი ყველა გადაადგილება კონტროლდება გარედან, არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არ მიღება, გაერთიანება-არ გაერთიანება, შესაბამისი პოლიტიკური პოზიციონირება, ყველაფერი გარედან გაწერილი პროცესია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა ქვეყნის გარედან მიიღეს. განსხვავებულ მოცემულობას ამტკიცებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ გაერთიანებასთან უცხოელ პარტნიორებს საერთო არაფერი აქვთ. სახელისუფლებო გუნდისთვის კი გვარამიას აღიარება მორიგი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია ნებისმიერ გადაწყვეტილებას გარე ძალების მითითებით იღებს.