უახლოეს პერიოდში გაცხადდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და იაგო ხვიჩიას „გირჩი“ იქნება კოალიცია - თენგიზ თევზაძე

თენგიზ თევზაძე

„კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, ანა წითლიძისა და იაგო ხვიჩიას მთავარი ამოცანა ოპოზიციურ პარტიებში განხეთქილების შეტანაა. მისი ვარაუდით, უახლოეს მომავალში გაცხადდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "გირჩი" ერთობლივ კოალიციას შექმნიან.

"ჩვენ რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, როგორ გათხარა ანა წითლიძემ გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე, ეს არასერიოზული იქნება. არასერიოზულ ლაპარაკს, იაგო ხვიჩიასთან ერთად დაგეგმილ სტრატეგიაზე აყოლას არ ვაპირებ. უახლოეს პერიოდში გაცხადდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და იაგო ხვიჩიას "გირჩი" იქნება კოალიცია. ნიკა გვარამიამ რანაირად დაშალა ოპოზიცია, აბსურდულია, ეს არის ის, რომ ისინი დამარცხდნენ. ეს პარტია იქცევა ისე, როგორც იაგო ხვიჩია," - წერს თენგიზ თევზაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება კვლავ გრძელდება. თენგიზ თევზაძის გამოხმაურებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ პარტია "ახალი" და ნიკა გვარამია მწვავედ გააკრიტიკა. წითლიძის თქმით, გვარამიამ "საკუთარი პარტიის კაპიტალიზება მიხეილ სააკაშვილის რესურსზე მოახდინა".